Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები”

27- 29 სექტემბერს თსუ  შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით, ატარებს მორიგ, მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” - თემაზე: „სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“.


სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • სოციალისტური რეალიზმი. ტერმინი, პროცესი, მიმდინარეობა
  • სოციალისტური რეალიზმი და საბჭოთა დისკურსი
  • სოციალისტური რეალიზმის მოდელები და ფორმები
  • სოციალისტური რეალიზმი „ადამიანური სახით“
  • სოციალისტური რეალიზმი და მეტაფორული აზროვნება
  • სოციალისტური რეალიზმის პოეტიკა და პოლიტიკა
  • სოცრეალიზმის ეპოქის ლიტერატურული კრიტიკა და პუბლიცისტიკა
  • ხელოვნება და სოციალისტური რეალიზმი

 

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობს 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ლატვია, ლიეტუვა, ყაზახეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

 

სიმპოზიუმი ინტერდისციპლინური ხასიათისაა. მასში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ლიტერატურის, არამედ თეატრისა და კინოს მკვლევრები. ასევე - ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები.

 

სამეცნიერო ღონისძიების გახსნის ცერემონია დაგეგმილია 27 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საპრეზენტაციო დარბაზში (ლ. გუდიაშვილის ქუჩა #7).  28, 29 სექტემბერს, დილის 11 საათიდან  20:00 საათამდე სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიები მუშაობას განაგრძობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ( მ. კოსტავას ქ. #5).

 

სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

28 სექტემბერს, 15 საათზე - მრგვალი მაგიდა  „ხელოვნება და სოციალისტური რეალიზმი“, ხელოვნებათმცოდნეების -  თეო ხატიაშვილისა და გოგი გვახარიას მოდერატორობით (ლიტერატურის ინსტიტუტი);

29 სექტემბერს, 15 საათზე - დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში თანამედროვე ქართველი ავტორების მონაწილეობით, სახელწოდებით „მწერლები მწერლობის შესახებ“(ლიტერატურის ინსტიტუტი); 

29 სექტემბერს, 18 საათზე - შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ კინორეჟისორ ნანა ექვთიმიშვილთან (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი).

 

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 

სამეცნიერო სიმპოზიუმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა და სამუშაო განრიგი, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://conference.litinstituti.ge/ka/